საცხოვრებელ მიწის ნაკვეთებზე ყოველთვის იყო მოთხოვნა. თუმცა, ბოლო პერიოდში ეს მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს შეიცვალოს გარემო და იცხოვროს ქალაქგარეთ, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, სადაც იქნება მეტი სივრცე ოჯახის ყველა წევრისთვის. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოიკვეთა 2020-2021 წლებში. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს „კოლიერს ჯორჯიას“ მიმდინარე თვის კვლევაც, სადაც გაანალიზებულია თბილისში, საცხოვრებელ მიწის ნაკვეთებზე ტრანზაქციების რაოდენობა, და ვხედავთ, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე 822 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 56%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ ლიდერობენ: თხინვალა, წავკისი, ტაბახმელა. კვლავ უკონკურენტოა მოთხოვნა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნულ ტერიტორიაზე 2021 წელს დარეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა თითოეულში დაახლოებით 100 ერთეულს შეადგენს.
GREA-ს მონაცემებითაც, დღეს ამ მიმართულებით ბაზარი ძალიან აქტიურია და მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. განსაკუთრებით ეს ეხება თბილისთან ახლოს მდებარე მიწებს.