მას შემდეგ რაც მიწის ნაკვეთს შეიძენთ, პროექტირების დაწყებამდე აუცილებელია დადგინდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების პარამეტრები, კოეფიციენტები, შენობის განთავსების წესი და სიმაღლე.
მისი დახასიათება სამი კოეფიციენტითაა შესაძლებელი: კ1-0.3, კ2-0.5, კ3-0.6.
მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 განსაზღვრავს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობის განავსება.
კ-1 კოეფიციენტი განისაზღვრება მიწისპირა ან პირველი მიწისზედა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობით. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტით განსაზღვრულ საანგარიშო ფართობში არ შედის მიწისქვეშა სართულები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას. 1000 კვ.მ ნაკვეთის მაგალითზე, თუ კ1 -0.3, მივიღებთ: 1000*0.3=300. აქედან გამომდინარე შეგვიძლია მიწის ნაკვეთის 300 კვ.მ-ის ათვისება სამშენებლოდ.
მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 განსაზღვრავს მიწის ნაკვეთისათვის დასაშვებ, შენობა-ნაგებობის მიწისპირა ან პირველი მიწისზედა სართულების იატაკის ძირთადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამურ ფართობს.
კ-2 გვიჩვენებს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები ნაკვეთზე, რაც გამოითვლება შემდეგნაირად: თუ მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ-ია, ნორმატიული კ2 = 0.5, საპროექტო კ2-ს მივიღებთ შემდეგნაირად: 1000 * 0.5 = 500 კვ.მ. ესეიგი შენობის სართულების საერთო ფართი არ უნდა აღემატებოდეს 500 კვ.მ-ს. თუმცა, ნახევარსარდაფი, სხვენი, აივანი და ტერასები განსხვავებული პროპორციით მონაწილეობს კ2-ის განსაზღვრაში და ხშირ შემთხვევაში სახლის ფართობი კ2 კოეფიციენტს აღემატება. მსგავს ნიუანსებს თქვენ პროექტირების დაწყებამდე არქიტექტორი აუცილებლად გაგაცნობთ.
მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტით განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართობის მინიმალური წილი, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული ან გადაფარული რაიმე წყალგაუმტარი (სამშენებლო თუ სხვა) მასალით, რომლის ქვეშაც არ უნდა არსებობდეს რაიმე ნაგებობა, ან სათავსი და რომელიც განკუთვნილია გამწვანებისათვის. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 არის მიწის ნაკვეთის გამწვანებული ზედაპირის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მინიმალური მაჩვენებელი.
კ-3=0.6 ხოლო მიწის ნაკვეთის ფართობია 1000 კვ.მ, შესაბამისად მინიმალური გამწვანებული ტერიტორიის ფართობი უნდა იყოს 1000 * 0.6 = 600 კვ.მ.
ლისი ტოპოგრაფის ნაკვეთებისთვის ასევე დადგენილია სამეზობლო მიჯნა, ანუ რა დაშორებით უნდა იდგეს სახლი სამეზობლო ღობიდან, ძირითად შემთხვევაში ის განისაზღვრება 1 მეტრით გვერდითა მიჯნებისათვის, უკანა სამეზობლო მიჯნიდან სახლის დაშორება დაახლოებით 3 მეტრით არის საჭირო, ხოლო გზის მხრიდან 6 მეტრით.
მნიშვნელოვანია სამეზობლო მიჯნის და შენობის სიმაღლის შეზღუდვის გათვალისწინება.